ზელენსკი უკრაინაში აშშ-ის ჯარების განლაგებაზე: ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში ჯარები განალაგოს.
სახელმწიფოს მეთაურმა არ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა ასეთი ნაბიჯის გადადგმისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაცია თავად ამერიკელებმა უნდა გააჟღერონ.
„გულწრფელად რომ ვთქვა, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ამის დადასტურება. ესენი არიან შეერთებული შტატების ჯარისკაცები და შესაბამისად, სწორედ ამერიკა იღებს ამ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თუმცა, მისივე თქმით, ასეთი შესაძლებლობა მართლაც განიხილება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს პრეზიდენტ ტრამპთან და [„მსურველთა] კოალიციის“ წარმომადგენლებთან განვიხილავთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს მოხდეს. ეს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია იქნებოდა“, - ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მეთაურმა.