ზელენსკი: უკრაინამ ყველაფერი გააკეთა ნატოში გასაწევრიანებლად, ახლა ბურთი პარტნიორების მოედანზეა
უკრაინამ ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს უკრაინას ნატოში — არც წინა და არც ამჟამინდელი ადმინისტრაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მომავალში არ მოხდება.
„ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მზად ვართ, გავხდეთ ნატოს ნაწილი და გავაძლიეროთ ყველა მოკავშირე. კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? არაფერი. ბურთი ახლა ჩვენი პარტნიორების, ნატოს ქვეყნების, მოედანზეა“, - განმარტა ზელენსკიმ.
ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ ნატოსა და რუსეთს შორის რაიმე ახალი დოკუმენტი განიხილება, უკრაინის პოტენციური წევრობის საკითხი კონკრეტულად უკრაინასთან უნდა განიხილებოდეს.
„პუტინი ნატოში უკრაინის შესახებ ბევრს საუბრობს. სამწუხაროდ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - დაასკვნა პრეზიდენტმა.