Loading data...
ზელენსკი: უკრაინა ნატოს წევრი მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გახდება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თმით, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ რუსეთის წინააღმდეგ ომს არ მოიგებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განაცხადა ოფიცრებთან, რომლებიც ნატოს სტანდარტების შესაბამის პროფესიულ სამხედრო კურსებს გადიან.  

„ჩემი პირადი მოსაზრებით, ჩვენ ნატოში მხოლოდ მაშინ შევალთ, როცა გავიმარჯვებთ. არ მგონია, რომ ომის დროს ნატოში მიგვიღონ. ეს ალიანსის ზოგი წევრისთვის რისკის შემცველია, ზოგი კი ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორც გენერალურმა მდივანმა სწორად აღნიშნა, ნატოში გაწევრიანების საკითხი უმრავლესობის გადასაწყვეტია. იმისთვის, რომ უკრაინა ალიანსში პოლიტიკურად გაწევრიანდეს, გვჭირდება გამარჯვება“, - განაცხადა ზელენსკიმ მის „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ომის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა აქამდე ალიანსში არ იყო.

„რამდენიმე წლის წინაც არსებობდა სკეპტიციზმი ნატოს ზოგიერთი წევრისგან და რუსეთი ჩვენს დღევანდელ პარტნიორებთან დიალოგს აწარმოებდა. ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ უკრაინა არ მიეღოთ არა მხოლოდ ნატოში, არამედ ევროკავშირშიც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია. ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე ალიანსში უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიონ.