ზელენსკი: უკრაინა მზადაა, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და გააგრძელოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში

უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის. თუმცა ეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„აქამდე არ ყოფილა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა დათანხმდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობის გარეშე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ არის დარტყმები და შესაბამისად, არ იქნება სარკისებური პასუხები.
თუ ჩვენ მზად ვართ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის - ეს ნიშნავს სიჩუმეს ზღვაზე, ცაში, ფრონტზე, ანუ ხმელეთზე - უკრაინა მზადაა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან განაცხადა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის სურვილებზეა დამოკიდებული.
„პუტინმა აღდგომაზე აჩვენა, რომ თუ მათ სურთ დარტყმების შემცირება, შეამცირებენ. მათ შეამცირეს, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი უპირობო ცეცხლის შეწყვეტამდე. მათ არ გამოიყენეს შორი მოქმედების იარაღი, გამოიყენეს FPV. ეს მოხდა აღდგომაზე. მაგრამ მანამდე და მის შემდეგ მათ გამოიყენეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ“, - დასძინა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ როგორც უკრაინასთან, ასევე, ევროპასთან და რუსულ მხარესთან.