Loading data...
ზელენსკი: უკრაინა დონბასს რუსეთის ტერიტორიად არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დონბასს რუსეთის ტერიტორიად არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს. ამის შესახებ მან ბერლინში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა

„რაც შეეხება რუსების პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეცვლილა, თქვენ იცით, რომ მათ ჩვენი დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალისტური და სამართლიანია; ჩვენ მასზე ვდგავართ და არ გვინდა ჩვენი დონბასის დათმობა. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ; ისინი თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით ყოფნას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერიტორიული საკითხი განიხილება, თუმცა უკრაინა დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსულად არ აღიარებს.

„ჩვენ არც დე იურე და არც დე ფაქტო არ ვაღიარებთ დონბასს რუსეთის ტერიტორიად - იმ ნაწილს, რომელიც დროებით ოკუპირებულია. თუმცა ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხს. იცით, ეს მთავარია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბერლინში მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უკრაინის წარმომადგენლებზე ზეწოლა მოახდინეს, რათა მათ დონბასის მათ მიერ კონტროლირებადი ნაწილი დაეთმოთ.