ზელენსკი უიტკოფსა და კუშნერს ესაუბრა: არსებობს კარგი იდეები ხანგრძლივი მშვიდობისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ამერიკელი ლიდერის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური Telegram-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ოფიციალურ პირებს კონსტრუქციული და ინტენსიური მუშაობისთვის, თბილი სიტყვებისთვის და უკრაინელებისთვის საშობაო მილოცვებისთვის.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად მუშაობა 24 საათის განმავლობაში გრძელდება.
„ჩვენ განვიხილეთ სამუშაოს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. არსებობს რამდენიმე კარგი იდეა, რომლებმაც შეიძლება საერთო შედეგისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს. რეალური უსაფრთხოება, რეალური აღდგენა, რეალური მშვიდობა - ეს არის ის, რაც ყველას გვჭირდება უკრაინაში, შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ის, რაც სჭირდება თითოეულ ჩვენს პარტნიორს, რომელიც გვეხმარება“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი საშობაო შეთანხმებები და მხარეების მიერ განხილული იდეები სასარგებლო იქნება.
უკრაინის მხრიდან საუბარში ასევე მონაწილეობდნენ: უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი; უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა; უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა; უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ ბრუსილო; უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.
ზელენსკის თქმით, უმეროვი დღეს კიდევ ერთხელ გაესაუბრება უიტკოფს და კუშნერს.
„მიგვაჩნია, რომ სწორია, არ დავკარგოთ არც ერთი დღე, ან შესაძლებლობა, რამაც შეიძლება შედეგთან დაგვაახლოოს. დაე, დღევანდელი საუბარი მშვიდობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე საშობაო მილოცვა გადასცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ტრამპების მთელ ოჯახს.