Loading data...
ზელენსკი: თუ რუსები ენერგეტიკის სექტორზე დარტყმების შეწყვეტას დათანხმდებიან, ჩვენც სარკისებურად ვუპასუხებთ

უკრაინას რუსეთისგან შესაძლო ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არანაირი სიგნალი არ მიუღია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბუჩას სამიტი 2026“-ზე განაცხადა.

„რუსული მხრიდან არანაირი სიგნალი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ მიგვიღია. ამ წინადადებას ხვალ შეერთებულ შტატებს გადავუგზავნი. ვთხოვ, რომ ეს წინადადება რუსულ მხარესაც გადაეცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა გლობალური კრიზისის ფონზე უკრაინას მოუწოდეს, რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შეამციროს.

„რაც შეეხება სიგნალებს ენერგეტიკის სექტორზე დარტყმისგან თავის შეკავების შესახებ, ეს სიახლე არ არის. თუმცა არ ვიტყვი, ვინ გვიგზავნის ამ სიგნალებს; უბრალოდ არ შემიძლია. თუ ისინი [რუსები] ენერგეტიკის სექტორზე დარტყმების შეწყვეტას დათანხმდებიან, ჩვენც სარკისებურად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.