Loading data...
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შემდეგ: მხარს ვუჭერთ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ - 18 აგვისტოს შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ალასკაში შეხვედრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა Facebook-ზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად ტრამპთან პირისპირ ერთ საათზე მეტხანს ისაუბრა, შემდეგ კი საუბარში ევროპელი ლიდერებიც ჩაერთნენ. საერთო ჯამში, ისინი საათ-ნახევარზე მეტხანს საუბრობდნენ.

„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა მშვიდობის გულისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მაცნობა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის, საუბრის ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალამ გავლენა მოახდინოს სიტუაციის განვითარებაზე“, - წერს ზელენსკი.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რადგან ძირითადი საკითხების განხილვა მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ჩავა. 

„ორშაბათს [18 აგვისტოს] ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვგეგმავ მკვლელობების დასრულებისა და ომის დასრულების ყველა დეტალის განხილვას. გმადლობთ მოწვევისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპელების ყველა ეტაპზე ჩართულობის მნიშვნელობას, რათა აშშ-სთან ერთად უსაფრთხოება საიმედოდ იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენ განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან“, - წერს ზელენსკი.