ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მაკრონს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებამდე ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა. ორივე პრეზიდენტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.
მაკრონმა დაწერა, რომ ამერიკელებს, ევროპელებს და უკრაინელებს მხოლოდ მშვიდობა სურთ.
„საფრანგეთი არის და დარჩება უკრაინის მხარეს ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ მომლაპარაკებელს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა მან.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვიყავი, რომ დღეს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე თქვენთან ვისაუბრე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
Thank you for your support, Emmanuel. I was glad to speak with you today ahead of my meeting with President Trump’s envoys. We are coordinating closely and working together for the sake of our shared security. https://t.co/FX4xVq5URA
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 14, 2025