ზელენსკი: ტრამპის მაგიდაზეა უკრაინის ტერიტორიების სტრატეგიის ფორმატი, რომელიც ლონდონში შეთანხმდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლონდონში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით თავისი სტრატეგია წარადგინა, რომელიც უკრაინულმა, ევროპულმა გუნდებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა განიხილეს. მისივე თქმით, დისკუსიის შედეგი დოკუმენტის სახით ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. ამის შესახებ, ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „კომპრომისების“ შესახებ კითხვა დაუსვეს, რაზეც მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი ხედვა შესთავაზა.
„ლონდონში შეხვედრა გაიმართა. ეს ნიშნავს, რომ იყო შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მათ შემოგვთავაზეს“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაციამ, ევროპულმა გუნდმა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა ისაუბრეს და „ქაღალდზე შესაბამისი პუნქტები გამოჩნდა“.
„აშშ-ის წინადადების შემდეგ კიდევ ერთი ქაღალდი გამოჩნდა და, ვფიქრობ, დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზეა“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება უკრაინის ღირებულებებს, ან კონსტიტუციას, არ შეიძლება შევიდეს არცერთ შეთანხმებაში.