Loading data...
ზელენსკი: ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსულ სამხედრო მანქანას ეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობს, რითაც რუსულ სამხედრო მანქანას უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უჟგოროდში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას ბევრი რამ იყო განხილული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და რუსეთის შემოსავლების შემცირების გზებზე. პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ევროპელები რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ. ეს განსაკუთრებით ეხება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის - სლოვაკეთის, უნგრეთის და, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნების - პოლიტიკას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, დღეს ის ამ საკითხს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან განიხილავს.

„და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სხვა მეზობლებიც გაიგებენ შესაბამის სიგნალებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, აშშ ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ზოგიერთი ქვეყანა რუსული ენერგორესურსების შეძენით „რუსულ საომარ მანქანას“ ეხმარება. მისივე თქმით, რუსული ენერგორესურსების შესყიდვა უნდა შეწყდეს. ამ მიზნით კონსულტაციები გაიმართება.

„და გუშინ ჩვენ ტელეფონით შევთანხმდით ამაზე - რომ ევროკავშირის სანქციების საკითხებში პროფესიონალი ადამიანები შეხვდებიან ამერიკის წარმომადგენლებს და განიხილავენ, თუ როგორ შევაჩეროთ რუსებთან ენერგოვაჭრობის ყველა არხი“, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არც ისე სამართლიანად გამოიყურება, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად სახსრებს პოულობს და აშშ-ისგან სანქციების დაწესებას მოითხოვს, მაშინ, როცა, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არსებობს არხები, რომლითაც რუსეთი ენერგორესურსებით ვაჭრობს, მათ შორის, ევროპასთანაც.

თავის მხრივ, კოშტამ დაადასტურა, რომ ტრამპმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეჩერდეს რუსული შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ევროპელების მიერ რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვით ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.

„ევროპულ დონეზე ჩვენ რუსეთიდან გაზისა და ნავთობის მოხმარება 80%-ით შევამცირეთ. 20% დარჩა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ 20%-ის უდიდესი ნაწილი უნგრეთის მოხმარებაა. ომის დასრულების დაჩქარების საუკეთესო გზა იქნება, თუ უნგრეთიც შეწყვეტს რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოშტამ.