Loading data...
ზელენსკი სირიაში თურქეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა და ალ-შარაას შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, სადაც თავის სირიელ კოლეგას აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი სირიაში თურქეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დამასკოში ჩასვლის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გამოდის ის თვითმფრინავიდან, რომელსაც აწერია „თურქეთის რესპუბლიკა“. 

თურქული მედიის ინფორმაციით, ეს მართლაც თურქეთის სამთავრობო თვითმფრინავია - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი სირიაში იმავე დღეს ჩავიდა. 

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ უკრაინულ დიპლომატიას ნამდვილი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის წინ - მომზადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორმატი. ყველა ერი, ყველა რეგიონი იმსახურებს მშვიდობიან ცხოვრებას“, - დაწერა ზელენსკიმ.

სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიას სურსათის მომარაგებისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა შესთავაზა.

„დიდი ინტერესია სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში გამოცდილების გაზიარების მიმართ. ჩვენ ასევე შევეხეთ უკრაინის, როგორც საკვების საიმედო მიმწოდებლის როლს და განვიხილეთ ერთობლივი შესაძლებლობები მთელ რეგიონში სურსათის უვნებლობის გასაძლიერებლად. ჩვენ კარგად გვესმის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომელთა წინაშეც სირია ამჟამად დგას. ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, - დაწერა ზელენსკიმ.