ზელენსკი: „სასურველია“, რომ ომი ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს

„სასურველია“, რომ უკრაინაში ომი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ის ადგილი მოინახულა, სადაც რუსული რაკეტა კიევში მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ ყველა სართული სარდაფამდე გაიარა. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო აზრი არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის მიზანმიმართული ტერორი, იგივე, რაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმიამ ყველგან გააკეთა: ჩეჩნეთიდან სირიამდე. ეს ერთადერთი რამ არის, რაც პუტინმა და მისმა რუსეთმა ნამდვილად კარგად იციან - მოკვლა და განადგურება“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.
„და სასურველია, რომ ომი პრეზიდენტ ტრამპის ამ ვადის განმავლობაში დასრულდეს. მე ძალიან ვენდობი მის დახმარებას. ძალიან ვენდობი შეერთებული შტატების გავლენას. სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს. სანქციები საჭიროა. დიპლომატია საჭიროა. უსაფრთხოება საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ფორსმაჟორის არარსებობის შემთხვევაში, დონალდ ტრამპის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, უფლებამოსილების ვადა 2029 წლის 20 იანვარს იწურება.