Loading data...
ზელენსკი - სანამ ნატოში არ შევალთ, გვჭირდება 1,5 მილიონიანი არმია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდება, საჭიროა 1.5 მილიონიანი არმია, რათა უკრაინამ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. 

ზელენსკის თქმით, თუ უკრაინა ნატოში არ იქნება, მან ევროპასთან ერთად უსაფრთხოების სისტემა უნდა განავითაროს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროპელმა ლიდერებმა გაიგონ. 

„ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ნატოში, ჩვენ გვჭირდება ისეთი არმია, რომელსაც დაცვა შეუძლია და რომელიც შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, იქნება ეს იარაღით თუ სხვა რამით. მე უბრალოდ რიცხვებს გეუბნებით, საჭიროა მილიონ-ნახევარი“, - აცხადებს ზელენსკი. 

ინფორმაციისთვის, გასულ თვეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის არმიას ჰყავს 880 000 ჯარისკაცი, რომელიც იცავს მთელ ქვეყანას.

12 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ჯარის გაზრდას 12-15 დივიზიით.