Loading data...
ზელენსკი: საბერძნეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას იანვარში დაიწყებს

უკრაინა და საბერძნეთი შეთანხმდნენ კიევისთვის გაზის მიწოდებაზე, რომელიც იანვარში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მივაღწიეთ უაღრესად მნიშვნელოვან შეთანხმებას - შეთანხმებას უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ. ფაქტობრივად, ყოველ ღამე რუსები ურტყამენ ჩვენს ინფრასტრუქტურას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინის ელექტროსადგურების უმეტესობა, ჩვენი გაზის წარმოება, ჩვენი თბოელექტროსადგურები რაკეტების უბრალო სამიზნედ იქცა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დარტყმების შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას დრო სჭირდება.

„ჩვენ ყოველ ჯერზე აღდგენით სამუშაოებს ვატარებთ, როდესაც რუსები ანგრევენ, მაგრამ ამას ნამდვილად სჭირდება დრო, ბევრი ძალისხმევა, ტექნიკა. რაც შეეხება გაზს, ეს მოითხოვს გაზის იმპორტს, რათა კომპენსირება გავუწიოთ რუსების მიერ ჩვენივე წარმოების განადგურებას“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზით უზრუნველყოფის მიზნით საბერძნეთთან დღეს მიღწეული შეთანხმებები ამ ზამთრისთვის მომზადებული დიდი ენერგეტიკული პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„გაზის მიწოდება იანვრიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საწყისი შეთანხმებები პირველ კვარტალში ამოქმედდება. გაზის დაუყოვნებლივ მიწოდების შესახებ შეთანხმების გარდა, არსებობს გრძელვადიანი შეთანხმებებიც. ეს დღეს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ. ჩვენი ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებიც შეთანხმდნენ ამაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.