Loading data...
ზელენსკი: რუსეთსაც კი სჭირდება, რომ უკრაინა ნატოში იყოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ არცერთი მხარე არ უარყოფს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობას.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. „ალიანსის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამიტზე (2024 წელს) მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზა შეუქცევადია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

გენერალურმა მდივანმა აღიარა, რომ მოკავშირეებს შორის წევრობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არსებობს ერთსულოვნება, თუმცა ტექნიკურად მხარეები გაწევრიანებისთვის ემზადებიან.

„პრაქტიკული თვალსაზრისით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სულ უფრო მეტად ინტეგრირდებიან ნატოში. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვიყენებთ ერთსა და იმავე სტანდარტებს. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიები სულ უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება. ნატო უკრაინისგან სწავლობს დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების კუთხით, თუმცა ალიანსს კვლავ შეუძლია დაეხმაროს უკრაინას, მაგალითად, საჰაერო ბრძოლებში და ა.შ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა“, - განმარტა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ კიევში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. 

„დღეს ბევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი უკრაინას ნატოში ხედავენ და ეს სიმართლეა, აბსოლუტურად დიდი რაოდენობა, უმრავლესობა. არავის უთქვამს, რომ არ სურს ამის ნახვა, თუმცა ზოგიერთი ამ საკითხზე დუმს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა აღიარა, რომ ფორმალური ერთსულოვნება არ არსებობს და ეს კვლავ დაბრკოლებად რჩება.

კითხვაზე, ელოდება თუ არა უკრაინის წევრობაზე ალიანსში ერთსულოვნებას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სკეპტიკოსების დარწმუნებას იმედოვნებს. 

„ქვეყნების უმეტესობას უკვე ესმის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არანაკლებ სჭირდება თავად ალიანსს, ვიდრე უკრაინას და ეს გრძელი სასაუბროა... ვფიქრობ, რუსებსაც სჭირდებათ უკრაინა ნატოში, რადგან მომავალში შეიძლება მტკივნეული იყოს, თუ უკრაინა ნატოში არ იქნება“, - დასძინა მან.

როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტის ეს არგუმენტები იმ ფაქტს ეფუძნება, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტიებს მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მისი კონტროლის ქვეშ რჩება.