Loading data...
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის მისამართით 100-მდე დრონი და კლასტერული საბრძოლო მასალის მქონე „კალიბრის“ რაკეტები გაისროლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასიურ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, მთლიანობაში რუსებმა 100-მდე მოიერიშე დრონი და 90-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის კლასტერული საბრძოლო მასალის მქონე „კალიბრის“ რაკეტები გაისროლეს.

„რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა „კალიბრის“ დარტყმები კლასტერული საბრძოლო მასალების გამოყენებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს კლასტერული ნაწილები მნიშვნელოვნად ართულებს ჩვენი მაშველებისა და ენერგეტიკოსების მიერ დარტყმის შედეგების აღმოფხვრას და ეს არის რუსული ტერორისტული ტაქტიკის ძალიან საზიზღარი ესკალაცია“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსების საჰაერო იერიშის სამიზნე ენერგეტიკული სექტორი იყო. ახლა ყველა ოლქში, სადაც კი საჭიროა, განლაგებულია საჭირო ძალები დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

„ყოველი ასეთი თავდასხმა ადასტურებს, რომ ახლა უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემები საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად და არა საცავ ბაზებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში, როდესაც ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინფრასტრუქტურა რუსეთის მიზანმიმართული დარტყმებისგან. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა გვქონდეს მეტი ძალა თავდაცვისთვის და ახლა დროული მიწოდება და შეთანხმებების სრულად შესრულება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესახებ, არის ის, რაც ყველაზე მეტად საჭიროა“, - განაცხადა ზელენსკიმ.