ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეუძლიათ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმების გახანგრძლივებას განცხადებით გამოეხმაურა.
ზელენსკიმ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება არ ასახავს ომში ან დიპლომატიაში ნამდვილ ვითარებას და აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება. მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა 2 360-ზე მეტი თავდასხმითი დრონი გამოუშვეს, 1 320-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და დაახლოებით 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმების რეჟიმი 16 მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.
მანამდე რუსული ნავთობის გაყიდვაზე გარკვეული შერბილების წესები შეერთებულმა შტატებმა 13 მარტს დააწესა, რაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას უკავშირდებოდა. ის ირანში ომით და ჰორმუზის სრუტის დახურვით იყო გამოწვეული. მაშინ ბესენტმა განაცხადა, რომ ეს დროებითი ზომაა და ის მოსკოვის შემოსავალზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
გაზეთ The New York Times-ის ცნობით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმების შედეგად ის ნავთობის გაყიდვისგან დღე-ღამეში 100 მლნ დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ნავთობის გაყიდვისგან რუსეთის ფედერაციის შემოსავალი მარტში თებერვალთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და მან 19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.