Loading data...
ზელენსკი რუსეთის საშობაო დაბომბვაზე: სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც ღმერთისაც კი არ სწამთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მათ შობის დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაბომბვა განიხილეს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფოს მეთაურმა Telegram-ზე გამოაქვეყნა. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს უკრაინელებისთვის გულწრფელი საშობაო მილოცვისთვის და სიცოცხლის დაცვისა და უკრაინის დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შობის წინა დღეს და შობის ღამესაც კი ოკუპანტებმა უკრაინაზე თავდასხმები განაგრძეს. ელექტროენერგია მრავალ ქალაქსა და სოფელში გათიშულია. 

კერძოდ, როგორც ზელენსკი წერს, დღეს, 25 დეკემბერს, შუადღისას, ოკუპანტები აგრძელებენ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებზე დარტყმებს. ამასთან, ჩერნიგოვში მაღალსართულიან შენობაზე რუსული დრონის იერიშის შედეგად დაშავებულთა დახმარება გრძელდება. 

„ჩვენს საუბარში ამ ყველაფრის ძალიან სწორი შეფასება გაკეთდა: სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს ბარბაროსებთან, რომლებსაც, საბოლოო ჯამში, ღმერთისაც კი არ სწამთ. სწორედ ასეთად იქცა რუსეთი და მას ამის არც კი რცხვენია. პირიქით, ისინი ცდილობენ, მკვლელობის წყურვილი ეროვნული სიამაყის საფუძვლად აქციონ იქ, რუსეთში.

ჩვენ მაქსიმალურად შევეწინააღმდეგებით რუსეთის ომსა და აგრესიას, დავიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, უკრაინელების სიცოცხლეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იტანჯება იმ ფაქტით, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.