ზელენსკი: რუსეთის საჰაერო დარტყმების ტემპი სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს და მისი შენელება სანქციებით ახლავეა შესაძლებელი

11-12 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინა 26 ფრთოსანი რაკეტითა და 597 დრონით დაბომბა, რომელთა ნახევარზე მეტი „შაჰედები“ იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.
მისი თქმით, 20-ზე მეტი რაკეტა და მოიერიშე დრონების აბსოლუტური უმრავლესობა საჰაერო ძალებმა გაანეიტრალეს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე, განხორციელდა.
„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ჩერნოვციში 2 დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს. დაბომბვის შედეგად დაშავებული კიდევ 20 ადამიანი ყველა საჭირო დახმარებას იღებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის საჰაერო დარტყმების ტემპი სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს და მისი შენელება სანქციებით ახლავეა შესაძლებელი“.
„ჩვენ გვჭირდება მკაცრი მეორადი სანქციები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც „რუსებს“ დრონების წარმოებასა და ნავთობიდან ფულის გამომუშავებაში ეხმარებიან. ჩვენ გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა და ინვესტიციები დრონების გამანადგურებელ სისტემებში, რომლებიც უკვე კარგ შედეგებს აჩვენებს. ომის შეჩერება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. ჩვენი პარტნიორებისგან არა მხოლოდ სიგნალებს, არამედ ისეთ ქმედებებს ველით, რომლებიც სიცოცხლეს გადაარჩენს“, - დასძინა ზელენსკიმ.