Loading data...
ზელენსკი: რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე ახალ დარტყმებს ამზადებს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაური Telegram-ზე წერს. 

ზელენსკის თქმით, მან მოისმინა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენება, კერძოდ, რუსული არმიის კონკრეტული ამოცანების შესახებ. ზელენსკის თქმით, დაზვერვის მონაცემები არ მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე, დაიცვას რაიმე შეთანხმებები, ან დაასრულოს ომი.

„თუმცა საკმარისი ინფორმაცია არსებობს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ჩვენი ატომური ელექტროსადგურების მომსახურე ობიექტებსა და ქსელებზე, შემდგომი დარტყმებისთვის რუსეთის მზადების შესახებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკაცრი ზამთრის პირობებში რუსეთის მიერ ენერგეტიკის სექტორზე განხორციელებული თითოეული ასეთი დარტყმა ასუსტებს და აუფასურებს ძირითადი ქვეყნების, კერძოდ, აშშ-ის ძალისხმევას ომის დასრულების მიზნით.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ინფორმაციას გაუზიარებს ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

„უკრაინა დიპლომატიაში უკიდურესად კონსტრუქციულია, რუსეთი კი მხოლოდ დარტყმებსა და ადამიანების დაშინებაზეა ორიენტირებული. პარტნიორებმა აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას მსოფლიოში მათ, ვისი გავლენაც მნიშვნელოვანია და ვისაც შეუძლია დახმარება“, - დაასკვნა უკრაინის პრეზიდენტმა.