ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება
რუსეთი შესაძლოა, კვლავ ამზადებდეს მასობრივ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე, რაზეც დაზვერვის მონაცემები მიუთითებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ავსტრიის ფედერალურ კანცლერ კრისტიან შტოკერს ესაუბრა.
„კანცლერს ვაცნობე ჩვენი დაზვერვის მონაცემები, რომ რუსები უკრაინის ქალაქებსა და თემებზე ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ თავდასხმებს ერთობლივად უპასუხონ, პირველ რიგში, ანტიბალისტიკური რაკეტების მოწოდებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისადმი მხარდაჭერისა და რუსეთის მხრიდან მუდმივი საჰაერო თავდასხმების ფონზე გამოვლენილი თანაგრძნობისთვის.
„ასევე, დეტალურად განვიხილეთ უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ველით, რომ პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნება. ეს სამართლიანია, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, - დასძინა ზელენსკიმ.