ზელენსკი: რუსეთი ცდილობს, თავი დაიძვრინოს ორმხრივი შეხვედრისგან

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე, რათა დათანხმდეს უკრაინასთან შეხვედრას, რათა შეწყდეს მისი სრულმასშტაბიანი აგრესია. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ბოლო დარტყმა ამერიკულ საწარმოზე „საჩვენებელი დარტყმა“ იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რუსეთისგან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისთვის მზაობას ელოდება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მუკაჩოვოში რუსებმა ფაქტობრივად ამერიკული საწარმო დაწვეს, რომელიც სამხედრო ობიექტი არ იყო.
„რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ და ეს იყო სარაკეტო დარტყმა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა კონკრეტულად ამერიკულ ქონებაზე აქ, უკრაინაში, ამერიკულ ინვესტიციებზე. ძალიან საჩვენებელი დარტყმა, როგორც მთელი ეს მასშტაბური თავდასხმა. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიო რუსებისგან მკაფიო პასუხს ელის - პასუხს ომის დასრულების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
არსებობს ორი ფორმატი, რომლითაც რეალურად შეიძლება პროგრესის მიღწევა. ეს არის ფორმატები ლიდერების დონეზე. ორმხრივი ფორმატი - უკრაინა და რუსეთი. და სამმხრივი - უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი.
ჩვენ ეს ვაშინგტონში განვიხილეთ. პუტინმა ეს პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ახლა რუსეთიდან მომდინარე სიგნალები უბრალოდ, სიმართლე გითხრათ, უღირსია. ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ შეხვედრის ჩატარების აუცილებლობას. მათ არ სურთ ამ ომის დასრულება. ისინი აგრძელებენ მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და თავდასხმებს ფრონტზე. ასევე, ისინი რაკეტებს უშვებენ ამერიკულ საწარმოზე - ისევე როგორც ჩვენს ბევრ სხვა, სრულიად სამოქალაქო სამიზნეზე“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის მიერ ნატოს ცალკეულ სახელმწიფოებში განხორციელებული დაბომბვები და პროვოკაციები შემთხვევითი არ არის.
„ეს რუსების თავხედობაა. იმედს ვიტოვებთ, რომ პარტნიორების რეაქცია პრინციპული იქნება. ეს ომი უნდა დასრულდეს. საჭიროა ზეწოლა რუსეთზე, რომ ომი დასრულდეს. პუტინს ძალისა და ზეწოლის გარდა, არაფერი ესმის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია: ეს მხოლოდ თავდაცვით არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ ვამცირებთ ჩვენს ძალისხმევას დიპლომატიაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.