Loading data...
ზელენსკი: რუსეთი ბელარუსში 150 000 სამხედროს გაგზავნის ნატოზე შესაძლო თავდასხმისთვის

ამ ზაფხულს ბელარუსში 150 000 რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატოს ქვეყნებს შეუტიონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია

„ჩვენ გვაქვს მკაფიო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავს, სამხედრო წვრთნების საბაბით ბელარუსში ჯარები გაგზავნოს. ზუსტად ისე, როგორც ისინი ახორციელებდნენ ჯარების განლაგებას უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ. ეს რუსული ძალები ბელარუსში უკრაინაზე თავდასხმისთვის არიან? - შესაძლოა, ან იქნებ არა, იქნებ ისინი თქვენთვის არიან? ნება მომეცით, შეგახსენოთ, ბელარუსი ნატოს სამ ქვეყანას ესაზღვრება. ის რუსული სამხედრო ოპერაციების პლაცდარმი გახდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი ბელარუსს მხოლოდ რუსეთის რეგიონად განიხილავს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, თუ ვინმე სამხედრო პლაცდარმს შლის, უნდა ვიკითხოთ, რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგ თავდასხმამდე, შემდეგ შემოჭრამდე?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.