ზელენსკი: რუსეთი ახალი საჰაერო დარტყმისთვის ემზადება, დაზვერვამ ინფორმაცია მოგვაწოდა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე მორიგი, ახალი საჰაერო დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საჭიროა, რომ ახლა შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და ყველა პარტნიორმა გააცნობიეროს, როგორ არღვევს თითოეული რუსული დარტყმა დიპლომატიურ საუბრებს.
„ვიცით, რომ რუსები ახალი დარტყმისთვის ემზადებიან. დაზვერვა ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, აუცილებელია, რომ ახლა ამერიკამ, ევროპამ, ყველა პარტნიორმა გააცნობიეროს, როგორ არღვევს თითოეული რუსული დარტყმა დიპლომატიურ საუბრებს. ყველამ, ვისაც მართლა სურს მშვიდობა, უნდა იფიქროს იმაზე, როგორ უზრუნველყონ, რომ რუსები ახალი მასირებული თავდასხმებისთვის კი არა, ომის დასრულებისთვის ემზადებოდნენ. მსოფლიოს აქვს ძალა, რომ ეს უზრუნველყოს. საჭიროა, მხოლოდ ამ ძალის გამოყენება, მშვიდობისთვის“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, 28 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 146 თავდასხმის დრონით შეუტიეს.
24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა წელს უკრაინაზე 2026 წელს წარმოებული რაკეტებით მიიტანა იერიში.