ზელენსკი პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე: ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს შეხვედრა, ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს.
„ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია და ევროპელებმაც ამას გაუსვეს ხაზი, რომ შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში ჩატარდეს. რადგან უკრაინასა და ევროპის კონტინენტზე ომია. შვეიცარია, ავსტრია - ჩვენ ვეთანხმებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თურქეთზე, როგორც შეხვედრის ადგილზე საუბრისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განმარტა, რომ ის ნატოს წევრი ქვეყანაა, ევროპის ნაწილია და ამიტომ, უკრაინა ამის წინააღმდეგი არ არის.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვში შეხვედრის ჩატარება არ შეიძლება.
„ეს მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ ვიყოთ გულახდილები, ბუდაპეშტმა ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო“, - დასძინა ზელენსკიმ.