ზელენსკი პუტინთან შესაძლო მოლაპარაკებებზე: ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება, პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს, მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული მხარის, კერძოდ კი, პუტინის მხრიდან ისტორიაზე საუბარი მხოლოდ დროის გაჭიანურების ტაქტიკა იქნება.
„ამ ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასასვლელად ისტორიული საუბრები არ მჭირდება. პუტინზე არანაკლები ისტორიული წიგნები წამიკითხავს და ბევრი რამ მისწავლია. მე მისი ქვეყნის შესახებ მეტი ვიცი, ვიდრე მან უკრაინის შესახებ. უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთის ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი და იქ ბევრ ადამიანს ვიცნობდი. ის უკრაინაში ამდენჯერ არასდროს ყოფილა. ის მხოლოდ დიდ ქალაქებში ყოფილა. მე პატარა ქალაქებში ვყოფილვარ, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ყველგან, ვიცი მათი მენტალიტეტი. ამიტომ არ მინდა დროის დაკარგვა ამ ყველაფერზე. ეს მათი საქმეა. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს სისტემა ჰქონოდათ. რუსებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ საკუთარი თავები. რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი „ცარი“ სჭირდებოდათ. ეს მათი არჩევანია“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოება უკრაინისთვის პრიორიტეტად რჩება. მან აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერთან შეხვედრის დროს ამ საკითხის პირდაპირ წამოჭრა სურს.
„არსებობს უსაფრთხოების საკითხი. ჩვენს წინააღმდეგ მასშტაბური ომი მიმდინარეობს. ეს ჩვენი ცხოვრებაა. ერთადერთი, რაზეც მასთან საუბარი მინდა, არის ის, რომ, ჩემი აზრით, ეს წარმატებით უნდა მოვაგვაროთ. ვგულისხმობ, რომ ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ მინდა მხოლოდ ასეთ საკითხებზე საუბარი“, - დასძინა ზელენსკიმ.