ზელენსკი პუტინის სამდღიან ზავზე: მანიპულაციის მორიგი მცდელობა, ჩვენ ვაფასებთ ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს - ცეცხლი არ უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით, რომ მოგვიანებით კვლავ მოკლან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, დათანხმდეს სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
საღამოს ვიდეომიმართვაში მან კრემლის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც 8-დან 11 მაისამდე გაგრძელდება, მანიპულაციის მორიგი მცდელობა უწოდა. ზელენსკის თქმით, მხოლოდ დაუყოვნებელი და საიმედო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით შეიძლება გახდეს რეალური დიპლომატიის საფუძველი.
„რატომღაც, ყველა 8 მაისს უნდა დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტოს ცეცხლი, რათა უზრუნველყოს პუტინის დუმილი აღლუმის დროს. ჩვენ ვაფასებთ ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ - მსოფლიოც ფიქრობს - რომ არ არსებობს მიზეზი, 8 მაისს დაველოდოთ. ცეცხლი არ უნდა შეწყდეს რამდენიმე დღით, რომ მოგვიანებით კვლავ მოკლან.“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩერკასის ოლქში გაზმომარაგების აღდგენას კვლავ ცდილობენ. „შაჰედების“ დრონებით რუსულმა ავიაიერიშმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
„რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარტყა ობიექტს, რომელიც არა ომს, არამედ ადამიანებს ეხება. ეს მოხდა იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო რუსეთისგან მოითხოვს, ეს ომი დაასრულოს და სიჩუმე დაამყაროს.ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დღე არის ახალი, მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლა, შესამჩნევი ზეწოლა, რათა ისინი, იქ, მოსკოვში, იძულებულნი იყვნენ, დაასრულონ ეს ომი - ომი, რომელიც მხოლოდ რუსეთს სჭირდება“, - დასძინა მან.