ზელენსკი: Patriot-ის შეძენასთან დაკავშირებით შეთანხმება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გვაქვს, თუმცა ლოდინი გახანგრძლივდა, ყველა მოსამზადებელი ეტაპისთვის საბოლოო ვადად ერთი კვირა დავაწესე
უკრაინას „უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“ აქვს შეთანხმება Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე, თუმცა კონტრაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდების დამატებითი გზების შესახებ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე Patriot-ის შეძენასთან დაკავშირებით და ეს შეთანხმება ფინანსურ, იურიდიულ და ტექნიკურ დონეზე განხორციელებას ელოდება. ლოდინი გახანგრძლივდა“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანი Patriot-ის კონტრაქტის დაჩქარებაა და დასძინა, რომ „ეს ჩართული თანამდებობის პირების პირადი პასუხისმგებლობაა“.
„უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული დახმარების პაკეტიდან მიღებული თანხები და ჩვენი სხვა ფინანსური რესურსები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გამოყენებული იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც უკრაინელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა ყველა მოსამზადებელი ეტაპისთვის ერთკვირიანი ვადა დააწესა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 5 ივნისს ანგარიშს ელის, რის შემდეგაც ან სიცხადე იქნება Patriot-ის შეთანხმების განხორციელების შესახებ, ან „სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება“.