Loading data...
ზელენსკი: ორბანის ნომერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივცემ, თუ ის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს არ განბლოკავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეწყვეტს ევროკავშირის დონეზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის საბოლოოდ დამტკიცების დაბლოკვას. 

ამგვარად ზელენსკი გამოეხმაურა უნგრეთის განზრახვას, დაბლოკოს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფა იქამდე, ვიდრე „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება არ აღდგება. 

„ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს, ან 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღი ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ - დაურეკონ და მის ენაზე ესაუბრონ“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, 90 მილიარდი ევროს საკითხი ევროკავშირის ლიდერების შემდეგ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, რომელიც 19-20 მარტს არის დაგეგმილი.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ფულს ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ გვესმის, რომ ამ ფულს ერთი ადამიანი ბლოკავს. ოფიციალურად, აქ საიდუმლოებები არ არის. ოფიციალურად, როგორც გითხარით, ევროკავშირთან საუბარი მქონდა და მათ მითხრეს, რომ უკრაინამ უნდა დაასახელოს თავისი შესაძლებლობების თარიღი და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს თარიღი გამოცხადდეს. ეს თარიღი დღეს გამოცხადდა. როგორც ბატონმა კორეცკიმ [სს „უკრნაფტას“ დირექტორმა სერგეი კორეცკიმ] განაცხადა, ჩვენ დაახლოებით თვე-ნახევარი გვჭირდება, რომ გვქონდეს ტექნიკური შესაძლებლობები [„დრუჟბას“ მილსადენის შესაკეთებლად]. ჩემი აზრით, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისია ამ ადამიანისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.