ზელენსკი: ომი ირანში შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, რისთვისაც მსოფლიო მზად არ არის
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს ქმნის და ის შეიძლება მესამე მსოფლიო ომშიც კი გადაიზარდოს. მსოფლიო კი ამისთვის მზად არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას რუსეთი ირანის მიერ მიწოდებულ იარაღს იყენებდა, ხოლო ახლა ირანი ამ ტექნოლოგიებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში იყენებს და ამერიკულ ბაზებს უტევს. უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ „შახედის“ ტიპის დრონებში რუსული კომპონენტები გამოიყენება.
ზელენსკის თქმით, თუ ეს კონფლიქტი შემოდგომამდე არ დასრულდა, ის შეიძლება ხანგრძლივ ომში გადაიზარდოს და გლობალური შედეგები ჰქონდეს.
„ეს არის მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი რისკი, თუ ეს ომი არ გაჩერდა, ამას შეიძლება ხანგრძლივი ომი და მესამე მსოფლიო ომიც კი მოჰყვეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება და ისინი უკრაინის წინააღმდეგ იქნებიან გამოყენებულნი.
„იგივე შეიძლება მოხდეს ირანთან დაკავშირებითაც. რუსეთმა იქ შეიძლება ჯარი გააგზავნოს. მზად არის თუ არა ამისთვის მსოფლიო? არა, მსოფლიო მზად არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ ევროპა ამჟამად ასეთი სცენარისთვის მზად არ არის. მისი თქმით, დღევანდელ ომში აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი შეიარაღება და არა მხოლოდ სახმელეთო ძალები. ამ მხრივ ყველაზე სწრაფად გადაიარაღებას გერმანია ახორციელებს, მაგრამ ეს „საკმარისი არ არის“.