Loading data...
ზელენსკი: მასიური სარაკეტო იერიშის დროს ოკუპანტებმა 40-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და ასევე, 70 დრონი გაუშვეს

უკრაინის პრეზიდენტის,ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმის დროს რუსმა ოკუპანტებმა 40-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, სულ მცირე 30 რაკეტა განადგურდა.  ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე იტყობინება. 

„რუსეთის კიდევ ერთი მასიური დარტყმა. შუა ზამთარია და რუსების სამიზნე იგივე რჩება: ჩვენი ენერგეტიკის სექტორი. მიზნებს შორის არის გაზის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას. გამოიყენეს 40-ზე მეტი მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური. სულ მცირე 30 განადგურდა. ასევე ღამით 70-ზე მეტი დრონი გაუშვეს. ჩვენი საჰაერო სისტემები აქტიურად მუშაობენ“, - აცხადებს ზელენსკი. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვისა და ყველა ჩართული ქვედანაყოფის წყალობით, შესაძლებელი გახდა უკრაინის ენერგოსისტემის მუშაობის შენარჩუნება.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას მუდმივად სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ნატოს სამიტზე ვაშინგტონში და „რამშტაინის“ ფორმატში დაპირებები მიიღო, რომელიც ჯერ ბოლომდე შესრულებული არ არის.  კერძოდ, საუბარი იყო საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიაზე.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი ეფექტური გარანტია და  ეს რეალისტურია და უნდა განხორციელდეს.