Loading data...
ზელენსკი: ლიდერების დონეზე განიხილება ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი ფორმატის ჩატარების ვარიანტები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულების მიზნით ლიდერების დონეზე შეხვედრების სხვადასხვა პოტენციური ფორმატის განხილვაზე ისაუბრა. კერძოდ, ზელენსკის თქმით, განიხილება ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი ფორმატის ჩატარების ვარიანტები. სახელმწიფოს მეთაურმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან საუბრის შემდეგ გააკეთა.

„უკრაინაც და გერმანიაც თანაბრად ხედავენ ომის რაც შეიძლება სწრაფად ღირსეული მშვიდობით დასრულების აუცილებლობას და ამ ომის დასრულების პარამეტრები ათწლეულების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების პირობებს განსაზღვრავს. ომი ევროპაშია და უკრაინა ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამიტომ ევროპა შესაბამის პროცესებში უნდა იყოს ჩართული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მან თავისი პოზიციები გერმანიასთან შეათანხმა. ზელენსკი და მერცი შეთანხმდნენ, რომ კვლავ ისაუბრებენ. ამავდროულად, მისი თქმით, უსაფრთხოების მრჩევლები დღეს ონლაინ შეხვედრას გამართავენ, რათა საერთო შეხედულებებზე შეთანხმდნენ - უკრაინა და მთელი ევროპა, შეერთებული შტატები. 

„გუშინ ასევე განვიხილეთ უახლოეს მომავალში ლიდერების დონეზე მშვიდობის მისაღწევად შეხვედრების სხვადასხვა პოტენციური ფორმატი: ორი ორმხრივი ფორმატი, ერთი სამმხრივი. უკრაინას არ ეშინია შეხვედრების და რუსული მხრიდანაც იგივე გაბედულ მიდგომას ელის. დროა, ომი დასრულდეს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“ - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკი ცალკე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

„მე მას ვუამბე ჩვენი უკრაინული ხედვის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთან და ევროპაში კოლეგებთან გუშინდელი საუბრის თაობაზე. ემანუელმა ლიდერებთან კონტაქტების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია - როგორც დილით უკვე შემდგარი, ასევე დღეს დაგეგმილი კონტაქტების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს პოზიციებს და ერთნაირად ვხედავთ საერთო ევროპული ხედვის აუცილებლობას ევროპის უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე“.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი, ევროპისა და ამერიკის, თითოეული ნაბიჯის ბალანსსა და ეფექტურობაზე - როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ეთანხმება საფრანგეთის ლიდერს, რომ მრჩევლების და ლიდერების დონეზე მუშაობა ეფექტური უნდა იყოს.

„ჩვენ გვახსოვს, რომ საჭიროა რეალური ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა ამისთვის მზადაა და რუსეთის მხრიდან ჯერ არ არსებობს მკაფიო საზოგადოებრივი რეაქცია. ამიტომ უახლოესმა მომავალმა უნდა აჩვენოს, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, თუ რუსეთი გააგრძელებს ომის გაჭიანურებას და კონსტრუქციული ძალისხმევის ჩაშლას“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.