Loading data...
ზელენსკი: ყველას აერთიანებს იმის გაგება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი ევროპაში და ევროპის წინააღმდეგ - ევროპის ხმამ პროცესებზე გავლენა უნდა მოახდინოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპელ ლიდერებთან გრძელდება შეხვედრები და მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პოზიციების შესათანხმებლად. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკრაინის პარტნიორებთან მრავალი საუბრისა და კონსულტაციის დღე იყო.

„და რა არის მნიშვნელოვანი ყველა ამ საუბარში. პირველი, ყველა პარტნიორი ხვდება, თუ ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ომის დასასრულებლად. ეს არის რუსეთის ომი, ეს არის რუსული აგრესია და სწორედ რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიის მისაღწევად, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა. უკრაინას აშკარად აქვს მხარდაჭერა და ამისთვის ყველა პარტნიორის დიდი მადლიერი ვარ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველას აერთიანებს იმის გაგება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ომი ევროპაში და ევროპის წინააღმდეგ.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ამ ომის დასასრულებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნამდვილად ეხება მთელ ევროპას და არა მხოლოდ ერთს. ასე რომ, ევროპის ხმამ პროცესებზე გავლენა უნდა მოახდინოს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ ლიდერებთან როგორც ჩვენი საუბრების, ასევე შეხვედრების შესახებ, რათა ყველა პოზიცია კოორდინირებული იყოს, ასევე, თითოეული ჩვენგანის მუშაობაზე სხვა ლიდერებთან, რათა ევროპის პოზიციები დაცული იყოს. ჩვენ ვგეგმავთ რამდენიმე შეხვედრას კონტინენტზე“, - აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს და რომ ამ ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ეშინია. პრეზიდენტმა აღნიშნა:

„და რაც სამართლიანია, არის ის, რომ უკრაინა იყოს მოლაპარაკებების მონაწილე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, როგორც თითოეული ევროპული ერის დამოუკიდებლობის განსახიერება. ამიტომ შეხვედრების ფორმატი, ლიდერების შეხვედრების, არის კერძოდ, სამმხრივი ფორმატი. და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ გუშინ - რამდენიმე ორმხრივ ფორმატზე, სამმხრივ ფორმატზე. ყველა შესაძლებლობაზე“. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „რეალური გადაწყვეტილებების პოვნის მიმართ მისი გახსნილობისთვის“.

„ჩვენ, უკრაინაში, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით. თუმცა ყველა ნაბიჯი ძალიან დაბალანსებული უნდა იყოს - ზუსტად ისეთი, რომელიც იმუშავებს“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან არსებობს კარგი „სიგნალები“ იმის შესახებ, რომ ის მზადაა, მომავალში მხარი დაუჭიროს უკრაინას. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირისგანაც არსებობს მკაფიო და კარგი სიგნალები.