Loading data...
ზელენსკი: კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის თუნდაც დღევანდელი დღიდან, ველით, რომ რუსეთი ამ წინადადებას დათანხმდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის თქმით, ტრამპთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Telegram არხზე განაცხადა.

„ჩვენ მივულოცეთ ჩვენს ხალხებს ევროპაში გამარჯვების დღე - ნაციზმზე გამარჯვება. მივესალმეთ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას - ჭეშმარიტად ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობისთვის მრავალ ახალ შესაძლებლობას ხსნის. განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, ტრამპი ფრონტზე არსებული ვითარებით დაინტერესდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის „თუნდაც დღევანდელი დღიდან“. 

„ველით, რომ რუსეთი ამ წინადადებას დათანხმდება. მე, ასევე, დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუმცა, ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, დაწყებული სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით. პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურა, რომ მას ამ ომის დასრულება სურს, დახმარებისთვის მზადაა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას მხარს უჭერს. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.