ზელენსკი: გვჯერა, რომ ომის ღირსეულად დასრულების რეალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არსებობს, ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ორგანიზებას შევძლებთ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების პოტენციურ პარამეტრებზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე გაიმართოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟენევაში 17-18 თებერვალს გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის დელეგაციისგან სრული მოხსენება მიიღო.
ზელენსკის თქმით, ჟენევაში გამართული შეხვედრების შემდეგ უკრაინული გუნდისგან დეტალური ანგარიში მოისმინა, კერძოდ, იმ ასპექტებზე, რომელთა დისტანციურად განხილვა ძალიან სარისკო იყო.
„ჩვენ გვჯერა, რომ ომის ღირსეულად დასრულების რეალური შესაძლებლობები კვლავ არსებობს და მსოფლიოს შესაძლებლობამ, ზეწოლა მოახდინოს აგრესორზე, მნიშვნელოვნად შეიძლება შეუწყოს ხელი იმის უზრუნველყოფას, რომ ომი ღირსეულმა მშვიდობამ ჩაანაცვლოს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, თებერვალში, მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ორგანიზებას შევძლებთ და ეს რაუნდი ნამდვილად პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „უკრაინის პასუხები ყველაზე რთულ კითხვებზე შემდეგი შეხვედრის წინ მზად არის“ და უკრაინელი მომლაპარაკებლებისთვის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრულია.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ლიდერები მზად იყვნენ შეხვედრისთვის და იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი გუნდურ დონეზე. სწორედ ლიდერების ფორმატი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი მრავალი თვალსაზრისით და უკრაინა მზადაა ასეთი ფორმატისთვის“, - დასძინა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ასევე იმედოვნებს პროგრესს ჰუმანიტარულ საკითხებში, კერძოდ, პატიმრების გათავისუფლებაში და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი გაცვლის შანსებს ხედავს.
„ცალკე მინდა აღვნიშნო ჩვენი ევროპელი პარტნიორები: ევროპა აქტიურად არის ჩართული ომის დასრულების პროცესში და ევროპის როლი უნდა გაიზარდოს. ჩვენ კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პარტნიორებს. უკრაინა ყოველთვის იცავს ჩვენს საერთო ევროპულ ინტერესებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს“, - დაასკვნა ზელენსკიმ.
Our negotiating team delivered a detailed report following their meetings in Switzerland. In particular, we discussed aspects that could not be addressed over the phone. I’m grateful to the team for their precise work within the directives, and also for their patience in all… pic.twitter.com/XQ4ZRfLDux
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 20, 2026