Loading data...
ზელენსკი: გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-სთან მუშაობას იმ კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს

უკრაინა „კრიტიკულ მომენტშია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტოკჰოლმში ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან, რათა განვსაზღვროთ ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას და რეალური უსაფრთხოების დამყარებას შეუწყობს ხელს. მედიაში დიდი ხმაური და პოლიტიკური ზეწოლაა. პუტინს სურს, კანონიერად აღიარონ ის, რაც მან მოიპარა, რათა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ძირი გამოუთხაროს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, თქვენ ყველას გესმით, რას ნიშნავს ეს. მას ეს არა მხოლოდ უკრაინისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან სურს და ეს ძალიან საშიშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ უკრაინამ აშშ-სთან შეათანხმა რიგი ნაბიჯები, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდაზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. კერძოდ, საუბარია ყველა უკრაინელი პატიმრის სრულ გათავისუფლებაზე ფორმულით „ყველა ყველასთვის“, ასევე რუსეთის მიერ გატაცებული მშვიდობიანი პირებისა და ბავშვების.

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, მაგრამ რეალური მშვიდობის მისაღწევად მეტია საჭირო. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან მუშაობას იმ კომპრომისების მოსაძებნად, რომლებიც გაგვაძლიერებს და არა დაგვასუსტებს. და ჩვენ გავაგრძელებთ იმის ახსნას, თუ რამდენად საშიშია იმის წარმოჩენა, რომ აგრესიის იგნორირება შესაძლებელია, თითქოს ყველაფერი თავისთავად „დამარცხებულია“, - დასძინა ზელენსკიმ.