Loading data...
ზელენსკი: ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ევროპა თუ ვერ აღიქმება გლობალურ ძალად, მაშინ იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის დაგვიანებული, ჩამორჩენილი

პუტინი თუ გადაწყვეტს ლიეტუვის დაკავებას ან პოლონეთზე დარტყმას, ვინ უპასუხებს? დღეს ნატო არსებობს რწმენის წყალობით, რომ აშშ იმოქმედებს, მაგრამ თუ არ იმოქმედა? ეს კითხვა დღეს ყველა ევროპელი ლიდერის გონებაშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ზოგიერთი ცდილობს პრეზიდენტ ტრამპთან დაახლოებას, ზოგი ელოდება, რომ პრობლემა თავისთავად გაქრება, ზოგი კი ინვესტიციას ახორციელებს შეიარაღებასა და თავდაცვაში.

„გავიხსენოთ, ვიდრე ამერიკამ არ მოახდინა ზეწოლა, ქვეყნების უმეტესობა არც კი ცდილობდა თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვას. ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი. ევროპა თუ ვერ აღიქმება, როგორც გლობალური ძალა, თუ მისი ქმედებები არ აშინებს ცუდ აქტორებს, მაშინ ევროპა იქნება მუდამ რეაგირების რეჟიმში – ყოველთვის დაგვიანებული, ყოველთვის ჩამორჩენილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა ხედავს, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს ევროპის განადგურებას და ამას არცერთი დღით არ წყვეტს.

„ისინი თავისუფლად მოქმედებენ, მათ შორის თვით ევროპის შიგნითაც. რუსული რაკეტები მხოლოდ იმიტომ იწარმოება, რომ სანქციების გვერდის ავლით იძენენ კრიტიკულ კომპონენტებს. ეს ყველასთვის ცნობილია. ვხედავთ, როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინელების გაყინვას – ჩვენი ხალხის გაყინვას სიკვდილამდე, როცა ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსს აღწევს, მაგრამ რუსეთი ვერცერთი ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტის წარმოებას ვერ შეძლებდა კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან მოდის. ეს მხოლოდ ჩინეთი არ არის. ძალიან ხშირად ადამიანები იმალებიან იმ არგუმენტის უკან, თითქოს მხოლოდ ჩინეთი ეხმარება რუსეთს.

დიახ, ჩინეთი ეხმარება, მაგრამ არა მხოლოდ ის. რუსეთი იღებს კომპონენტებს კომპანიებისგან ევროპაში, შეერთებულ შტატებში და ტაივანშიც კი. დღეს ბევრი საუბრობს ტაივანის გარშემო დესტაბილიზაციაზე, ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ შეუძლიათ თუ არა, ტაივანურმა კომპანიებმა შეწყვიტონ რუსული ტერორისთვის კომპონენტების მიწოდება? ევროპა თითქმის არაფერს ამბობს. ამერიკაც არაფერს ამბობს და პუტინი ამას იყენებს. დღეს ისინი უკრაინას ურტყამენ, ხვალ ეს შეიძლება, ნატოს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდეს. ამავე დროს, ევროპაში გვირჩევენ: არ ახსენოთ „ტომაჰავკები“, ამერიკელებთან „განწყობა არ გააფუჭოთ“, არ ახსენოთ TAURUS-ის რაკეტები – „გერმანიას არ აწყენინოთ“. ხოლო როცა საქმე საბერძნეთს ეხება, ამბობენ, „ფრთხილად იყავით, ევროპაში შიდა დაპირისპირება არ გამოიწვიოთ“.

ზედმეტად ბევრი შიდა უთანხმოება, ზედმეტად ბევრი კომპლექსი და ზედმეტად ბევრი „წითელი ხაზი“ უშლის ევროპას ხელს, გაერთიანდეს და გულწრფელად ისაუბროს, რათა რეალური გადაწყვეტილებები იპოვოს. ძალიან ხშირად ევროპელები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან – ლიდერები, პარტიები, მოძრაობები, საზოგადოებები, ნაცვლად იმისა, ერთად დაუდგნენ წინ რუსეთს, რომელსაც ყველასთვის ერთნაირი განადგურება მოაქვს.

გლობალურ ძალად ქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება ლამაზ, მაგრამ დანაწევრებულ კალეიდოსკოპად – მცირე და საშუალო სახელმწიფოების ერთობლიობად, მაშინ, როცა შეეძლო, თავისუფლების დაცვაში ლიდერის როლი შეეთავსებინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკის ყურადღება სხვა მიმართულებით გადადის. ევროპა თითქოს დაკარგულია, ცდილობს, დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, შეიცვალოს, მაგრამ ის არ შეიცვლება. ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს.

ზოგი ევროპელი ძლიერია – დიახ, ეს მართალია, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს თქმა: „უნდა დავდგეთ მტკიცედ“ და ამავე დროს ელოდება, ვიღაც სხვა ეტყვის, რამდენ ხანს უნდა იდგეს ასე – სასურველია შემდეგ არჩევნებამდე, მაგრამ ასე დიდი ძალები არ მოქმედებენ. დიდი ძალა ასე არ მოქმედებს. დიდი ძალა ამბობს: „ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული ინტერესები“ და არ ელოდება, რომ ამას ვიღაც სხვა გააკეთებს მის ნაცვლად. ამბობენ, რომ საჭიროა, რაღაცით ჩანაცვლდეს ძველი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ სად არიან ლიდერები, რომლებიც მზად არიან, იმოქმედონ? იმოქმედონ ახლა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე ახალი გლობალური წესრიგის ასაშენებლად. ახალი მსოფლიო წესრიგი სიტყვებით ვერ შენდება, რეალური წესრიგი ქმედებიდან მოდის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.