Loading data...
ზელენსკი ევროკავშირის ლიდერებს: ჩვენი და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ უსაფრთხოებას იმსახურებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში სამიტზე შეკრებილ ევროკავშირის ლიდერებს უკრაინის სამხედრო დახმარების, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის გაზრდისკენ მოუწოდა

ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ გაიხსენა რუსეთის მიერ ჩერნიგოვის დაბომბვა, რასაც სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

”აქ, უკრაინაში, ევროპის ჩვენს ნაწილში, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთივე თავდაცვა, როგორიც ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღის წინ ყველამ ვნახეთ. მოკავშირეების ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, თითქმის ყველა რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც ისრაელს დაესხნენ თავს. უკრაინული ცა და ჩვენი მეზობლების ცა თანაბარ დაცვას იმსახურებს“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ გერმანიას „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებითი გაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. თუმცა აღნიშნა, რომ კიევს ესაჭიროება „იარაღი ჯარისკაცებისთვის, ჭურვები არტილერიისთვის, მანქანები, დრონები, ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ფრონტის შენარჩუნებას“.

”სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ გვინახავს ევროკავშირის მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომლებზეც ასე ბევრს ლაპარაკობდნენ”, - თქვა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს ასევე მოუწოდა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისში დაიწყოს.