ზელენსკი: დროა, რუსეთზე მეტი ზეწოლა განვახორციელოთ, რათა შედეგი იყოს არა ერთი, არამედ ყველაფერი, რაც საჭიროა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, რათა ის ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპის დასრულებას გამოეხმაურა, რომელზეც მხარეები თურქეთში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.
„ფაქტობრივად, თურქეთში შეხვედრის ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ რუსები დანარჩენს ყველაფერს ბლოკავენ. ჯერჯერობით ბლოკავენ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
ზელენსკის თქმით, მოქალაქეების ტყვეობიდან დაბრუნება სწორედ ისაა, რაზეც უკრაინული მხარე მუდმივად მუშაობს.
„დღეს სახლში თითქმის 400 ადამიანია - 390. ესენი არიან სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ხვალ და ზეგ ასევე შემდეგი ეტაპები იქნება. ფორმულაა „ათასი ათასის ფასად“. მადლობელი ვარ ყველასი და მთელი ჩვენი გუნდის, რომელიც ჩართულია გაცვლის განხორციელებაში. და, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ფრონტზე მყოფ ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინისთვის გაცვლითი ფონდის შევსებას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცველებს რუსი დივერსანტებისა და კოლაბორატორების გაცვლის ფონდში დამატებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ თავისი დაიბრუნოს და როგორც ეს ხორციელდება წარმატებით, ყველაფერი დანარჩენიც უნდა იყოს წარმატებული“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რეალური მშვიდობისკენ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა და უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა.
„ამისთვის პარტნიორებს ვაერთიანებთ და ნამდვილად დროა, რუსეთზე მეტი ზეწოლა განვახორციელოთ, რათა შედეგი იყოს არა ერთი, არამედ ყველაფერი, რაც საჭიროა. და როდესაც რუსებმა უკვე ერთი კვირა დახარჯეს ე.წ. „მემორანდუმის“ შემუშავებაზე, რომლითაც ისინი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რეაგირებას ცდილობენ, ეს ნამდვილად მთელი მსოფლიოს დაცინვაა. ამდენი დრო! ომში ყოველი დღე სიცოცხლის დაკარგვაა. რა თქმა უნდა, რუსეთში ხალხს არ ითვლიან. მაგრამ მსოფლიომ უნდა დაითვალოს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია საჭირო. მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარს უჭერს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, დღეს მოისმინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას ანგარიში უკრაინული წარმოების დაფინანსების მიზნით პარტნიორებთან მუშაობისას მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების შესახებ.
„პირველი: არტილერიის - ჭურვების წარმოებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. შედეგი - თანხების ორი მესამედი უკვე გამოყოფილია. მეორე: დამატებითი დაფინანსება უკრაინაში დრონების წარმოებისთვის. თანხები იქნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.
„დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ვამზადებთ სანქციების ახალ პაკეტებს, მკაცრი სანქციების პაკეტებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.