Loading data...
ზელენსკი: დონბასი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ღირებულებების ნაწილია, თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი სიტყვა არ არის

უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ აიღოს და დონბასი აგრესორ სახელმწიფოს, რუსეთს ჩააბაროს. ამ ტერიტორიების დასაცავად ათასობით ადამიანი დაიღუპა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უბრალოდ დანებება? ამ იდეას მხარს ვერ დავუჭერ. და დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი ხალხი მზად იქნება — ათასობით, ათიათასობით უკრაინელი დაიღუპა უკრაინის ამ ნაწილის დასაცავად“, - განმარტა მან ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ დონბასის საკითხი მხოლოდ ტერიტორიას არ ეხება, არამედ ადამიანებსა და სახელმწიფოს თავდაცვის სტრატეგიასაც.

„დონბასი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ღირებულებების ნაწილია. თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი სიტყვა არ არის“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. მაგრამ, მისი თქმით, ამ ყველაფრის არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი არ შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განახლებას.

„ამერიკის, როგორც ძლიერი ქვეყნის მიმართ მთელი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. თუმცა ვერავინ დაგვპირდება, რომ პუტინი აღარ დაბრუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.