Loading data...
ზელენსკი დეპუტატებს: თუ რადაში არ მსახურობთ, მაშინ ფრონტზე იმსახურეთ

უკრაინელ პარლამენტის წევრებს ან უმაღლეს რადაში „მსახურება“ მოუწევთ, ან ფრონტზე წასვლა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრის პირველივე დღეებიდან იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებსაც თანამდებობების დატოვება სურდათ.

„შესაძლოა, მათ მიმართ განსხვავებული სურვილები და დამოკიდებულება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა და ჩვენი სახელმწიფოს დაცვა გვჭირდება. ამიტომ, სახალხო დეპუტატებს ან მოუწევთ პარლამენტში მსახურება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ან მე მზად ვარ პარლამენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება დავიწყო მობილიზაციის შესახებ კანონზე, რათა დეპუტატებმა ფრონტზე წასვლა შეძლონ. თუ სახელმწიფოს პარლამენტში არ ემსახურები, მაშინ ფრონტზე ემსახურე“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მესამე ვარიანტი, დასძინა ზელენსკიმ, არის კანონმდებლობის შეცვლა და არჩევნების ჩატარება.

„თუმცა, მე მჯერა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი სირთულეებიც“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.