Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა უკრაინის ნატოში წევრობას არ ისახავს მიზნად, თუმცა მხარს უჭერს მის ევროკავშირში ინტეგრაციას

„შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - ვაშინგტონი არ გეგმავს კიევის ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. იტყობინება RBC-Ukraine-ის კორესპონდენტი.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტიების მსგავს გარანტიებს და მზად არის თუ არა უკრაინა უარი თქვას ალიანსში წევრობაზე ასეთი გარანტიების სანაცვლოდ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ისახავს მიზნად. ეს პრეზიდენტ ტრამპამდეც ასე იყო. ამაში სიახლე არაფერია. ისინი ამ საკითხზე ნათლად საუბრობენ. ისინი მკაფიოდ ამბობენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს მათი ორი პოზიციაა. თუ აშშ-სგან მტკიცე გარანტიები იქნება, მაშინ ის იმუშავებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის სიგნალი ნათელია, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას. 

„ეს მოკავშირეების გადასაწყვეტია“, - აცხადებს ზელენსკი. 

როგორც ცნობილია, 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ნატოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების თხოვნით.

თავად ალიანსმა აღნიშნა, რომ კიევს აქვს წევრობის პერსპექტივა, თუმცა ომის მიმდინარეობის პროცესში ეს შეუძლებელია.