ზელენსკი აცხადებს, რომ თუ პუტინი მოლაპარაკებების შედეგებს უარყოფს, ტრამპმა რუსეთზე ზეწოლა უნდა განახორციელოს და უკრაინის დახმარება გაზარდოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის საბრძოლო მოქმედებების დასრულების იმ პირობებზე, რომლებიც დამუშავდება აშშ-სა და ევროპასთან მოლაპარაკებების შედეგად, დროა, ტრამპმა რუსეთზე სერიოზული ზეწოლა განახორციელოს. ამის შესახებ მან ბერლინში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, რას ფიქრობს, თუ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინა, აშშ და ევროპა გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწევენ, მაგრამ კრემლი მათ უარყოფს.
„თუ პუტინი ყველაფერს უარყოფს, იქნება ის, რასაც ახლა თვითმფრინავში განვიცდით. ტურბულენტობა. ამას ახლა მართლა განვიცდით“, - ხუმრობით აღნიშნა ზელენსკიმ, - „მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც ომი. და იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობას და მისწრაფებას, როგორც ჩვენი მხრიდან, ევროპული მხრიდან, ასევე ამერიკული მხრიდან“.
მან განაგრძო, რომ ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად მიიჩნევს, რომ აშშ-მა რუსეთზე მკაცრი ზეწოლა განახორციელოს და უკრაინისთვის დახმარება გააფართოოს.
„ვფიქრობ, თუ ის ყველაფერს უარყოფს, ამერიკა სანქციებს დააწესებს და მეტ იარაღს მოგვცემს. ვფიქრობ, ეს სამართლიანი თხოვნაა, რომელიც ამერიკელებს უნდა წავუყენოთ. რადგან, ჩემი აზრით, ლოგიკა ასეთია: თუ ამერიკელები მზად არიან, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ და ძლიერი გარანტიები განახორციელონ, თუ პუტინი მათ დაარღვევს, მაშინ გულახდილად მითხარით, რით განსხვავდება ეს იმისგან, თუ პუტინს ამის დასრულება არ სურს?“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ვფიქრობ, სამართლიანი თხოვნა იქნებოდა ჩემი, როგორც პრეზიდენტის, და ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან, მოგვეცით ამ გარანტიებიდან სულ მცირე ნაწილი, რათა შევძლოთ პუტინის მოგერიება. საჰაერო თავდაცვა და შორი დისტანციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა“, - დაასკვნა მან.