Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან შესახვედრად მზადაა, თუმცა უკრაინის ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის მიზნით მზადაა, პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თუმცა უკრაინის ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად“, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტერიტორიული დათმობები მიუღებელია.

ეს ჩვენი ტერიტორიაა და წარმოუდგენლად უცნაურად ჟღერს, რატომ უნდა დავტოვოთ ჩვენი მიწა?“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა შეერთებულ შტატებს, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე. ის დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს ომის შესაჩერებლად საკმარისი ბერკეტები აქვს.

„შეერთებული შტატები კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე მათ ჰგონიათ. და ისინი რეალურად ახდენენ ზეწოლას პუტინზე. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ვაშინგტონს მოუწოდა, გააფართოოს სანქციები, განსაკუთრებით რუსი ლიდერების ოჯახების წინააღმდეგ და უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი მიაწოდოს. ზელენსკის თქმით, მხოლოდ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს კრემლს, სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებებს.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს თვეებშია შესაძლებელი.

„ამჟამად, ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს... ეს მომდევნო რამდენიმე თვეზეა დამოკიდებული, გვექნება თუ არა შანსი, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე - არჩევნებამდე, მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას ზელენსკიმ აღიარა, რომ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის სამხედრო გზით დაბრუნება რთულია მნიშვნელოვანი დანაკარგების პოტენციალის გამო.

„რუსეთს ამის გაკეთება ბრძოლის ველზეც არ შეუძლია. სწორედ ამიტომ ისინი ვერ იმარჯვებენ და ჩვენ ვერ ვმარცხდებით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. 

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალების სლოვიანსკიდან, ან კრამატორსკიდან გაყვანა ასობით ათასი ადამიანის ოკუპაციას ნიშნავს.

„200 000 ადამიანს, რომლებიც ახლა იქ არიან, რუსები დაიპყრობენ... თუ არა, მათ მოკლავენ, ფრონტზე გაგზავნიან, ან ციხეში გაგზავნიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას „რთული“ უწოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ინდივიდუალურ პიროვნებებზე არ არის დამოკიდებული.