Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე შეხვედრა შესთავაზა - Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის შეხვედრა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატები დათანხმდა პუტინის მიწვევას შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 15 ივნისს, ევიან-ლე-ბენში დაიწყება.

„ჩვენ გავაგზავნეთ შეტყობინება, რომ მზად ვართ პუტინთან შესახვედრად „დიდი შვიდეულის“ დროს, რადგან იქ არიან ტრამპი და მაკრონი, ანუ ევროპელები პლუს ამერიკა. ეს კარგი, ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველას შესახვედრად“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

„ევროპა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ და რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ... ისინი მზად არ არიან საუბრისთვის“, - აღნიშნა მან. 

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ ამერიკელებს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს G7-ის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებების ინიციატივის შესახებ აცნობა. უკრაინამ მიწვევა პირადად რუსულ მხარესაც გადასცა, თუმცა, ოფიციალური პირის თქმით, მკაფიო პასუხი არ მიუღია.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ G7-ის შეხვედრაზე მისი პრიორიტეტი რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემის უზრუნველყოფა იქნება.

„ჩვენ გვექნება შეხვედრები ევროპელებთან და ასევე პრეზიდენტ ტრამპთან. მასთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუბიძგოთ პუტინს, ეს ომი შეაჩეროს“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.