ზელენსკი აცხადებს, რომ ნატომ ბელარუსში „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს
ბელორუსულ დამოუკიდებელ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატომ ბელარუსში განლაგებული სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს.
„რაც შეეხება „ორეშნიკს“, ჩემი აზრით, ნატომ ის ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს. ჩვენ ამ საფრთხეს დავაკვირდებით და შევაფასებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი და ბელორუსი „ორეშნიკის“ სისტემის სავარაუდო განლაგებით „შოუს“ დგამენ. ჯერჯერობით მხოლოდ შესაბამისი მანქანებია მიწოდებული და არა სრული სისტემა.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ასეთი თამაში ევროპის დაშინებას ისახავს მიზნად.
დეკემბერში ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსული სარაკეტო სისტემის „ორეშნიკის“ საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანის შესახებ განაცხადა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას გაზრდიან.
შეგახსენებთ, 2025 წლის 30 დეკემბერს ბელარუსში რუსული წარმოების საშუალო მანძილზე მოქმედი ზებგერითი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“ საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს.