Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, პუტინს ესაუბროს, ნაცვლად იმისა, რომ აშშ-ის ომების რიგში იდგეს

უკრაინა მზადაა ომის დიპლომატიური დასრულების ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თუმცა შეერთებული შტატების ყურადღება ახლა მსოფლიოს სხვა კონფლიქტებზეა გადატანილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევი მუდმივ კონტაქტზეა ამერიკულ მხარესთან აშშ-ის დელეგაციის კიევში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია.

„ჩვენ ველოდებით მომლაპარაკებელთა გუნდის ჩამოსვლას, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ხანია, ველოდებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ (აშშ-ის) ფოკუსში არ ვართ. ირანი აშშ-ისთვის ნომერ პირველი საკითხია, ხოლო უკრაინა - მეორე. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ამ ომების რიგში ვდგავართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ, მისი აზრით,  აშშ ყველაზე ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია, პუტინს ომის დასრულებისკენ უბიძგოს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი პრიორიტეტი საომარი მოქმედებების სწრაფი დასრულებაა და ამიტომ სახელმწიფო მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ფორმატს, რომელიც მშვიდობას დააჩქარებს. 

„მზად ვარ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რათა დასრულდეს ეს ომი, ვიდრე რიგში ვიდგე, სანამ ყველა არ დაასრულებს მსოფლიოში არსებულ ყველა კონფლიქტს და შემდეგ ჩვენამდე მოვა“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან ასევე დასძინა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, ასევე უკრაინის წარმატებული დარტყმები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დიპლომატიისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ეს საშუალებას აძლევს უკრაინას, მოლაპარაკება აწარმოოს და ეს ომი „რუსებთან თანასწორი პირობებით, ნებისმიერ ფორმატში“ დაასრულოს.