ზელენსკი: აშშ „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის“ მონიტორინგის შესახებ ზოგიერთ ქვეყანასთან კონსულტაციებს გამართავს

შეერთებული შტატები კონსულტაციებს გამართავს საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ქვეყანასთან შესაბამისი კონსულტაციების გამართვის გეგმის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გავიგეთ, რომ ამერიკული მხარე კონსულტაციებს გამართავს როგორც საუდის არაბეთთან, ისე თურქეთთან, ასევე, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან მონიტორინგის ჩატარების მზაობასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი ყველა საუბრის შედეგი, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ამის შესახებ ჯერ არაფერი გვითხრეს, მაგრამ მათ ეს გამოაცხადეს და ჩვენ მათ განვუცხადეთ, რომ მონიტორინგის გარეშე [ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა] არ იმუშავებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონიტორინგის საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ სთხოვა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, გადაეცა ამერიკული მხარისთვის რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ყველა მტკიცებულება.
„სანამ არ არსებობს სხვა მესამე ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მონიტორინგზე, ჩვენთვის საკონტაქტო ამერიკის შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.