Loading data...
ზელენსკი აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე: დღეს საღამოს ბუდანოვისა და უმეროვისგან ანგარიშს ველოდები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში დღევანდელ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მთავარი ამოცანაა, ამერიკულ მხარეს რუსეთის იერიშების და მათი შედეგების შესახებ რეალური ინფორმაცია მიწოდოს. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და სახალხო დეპუტატი დავით არახამია უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.

„შეხვედრების შესახებ პირველ ანგარიშებს კიევის დროით დღეს საღამოს ველოდები“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მოლაპარაკებებში  უკრაინის დელეგაციის მისიაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმები დიალოგის შესაძლებლობებს აუარესებს.

„უკრაინის დელეგაციის მთავარი ამოცანაა, მიაწოდოს ყველა რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რუსული დარტყმების შედეგების შესახებ: ამ ტერორის ერთ-ერთი შედეგი დიპლომატიური პროცესის დისკრედიტაციაა. ხალხი კარგავს რწმენას დიპლომატიის მიმართ და რუსული დარტყმები მუდმივად ანადგურებს დიალოგის არსებულ მცირე შესაძლებლობებსაც კი. ამერიკულმა მხარემ ეს უნდა გაიგოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შემუშავებულ დოკუმენტებზე პროგრესის მიღწევაც აუცილებელია. მან აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობის დაბრკოლება და დიპლომატიის განვითარება ახლა პარტნიორებზეა დამოკიდებული.